ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტია პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მსჯელობს და გადაწყვეტილების მიღების ფორმის სხვადასხვა ვერსია განიხილება. თავად, უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენმ დიდი პარტიაა და ხსენებულ საკითხზე მსჯელობაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს, როგორც პოლიტსაბჭოს წევრები, ისე ზოგადად პარტიის წარმომადგენლებიც.
“პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და 1-2 დღეში არ დასრულდება…რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამაზე პარტიაში სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიაა, როგორც ნიკა მელია იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ამ მეთოდით იქნას გადაწყვეტილება მიღებული.
ასევე არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭოს გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც სხვა ხალხიც დაემატება გარდა პოლიტსაბჭოს წევრებისა. ეს რამდენიმე ვერსია არსებობს და მუშავდება, და საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში მივიღებთ, თუ რა ფორმით მიიღება გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. შეთანხმება ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შედგა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ. დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.