ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეკომენდაცია: როგორ გავთავისუფლდეთ მობილურზე სარეკლამო შეტყობინებებისგან

დღის განმავლობაში ჩვენ საკუთარ ტელეფონში უამრავი რეკლამა მოდის შეტყობინებების სახით. გვთავაზობენ სხვადასხვა სახის პროდუქციას ზოგს ფასდაკლებით, ზოგსაც სოლიდურ ფასად. წინასაახალწლოდ ამ შეტყობინებების რიცხვი გაორმაგდა. საინტერესოა, რატომ არ ხდება გარკვეული სელექცია მომხმარებლებისა ვის რა სახის პროდუქცია შესთავაზონ და რაოდენობის განსაზღვრა, რამდენი შეტყობინება გაგზავნონ კომპანიებმა დღის განმავლობაში. შეუძლია თუ არა მომხმარებელს დაბლოკოს რეკლამები? არის თუ არა მექანიზმი, რომ მომხმარებელი გათავისუფლდეს ასეთი ხშირი შემაწუხებელი შეტყობინებებისაგან.

მოქალაქეების თქმით, მობილური ოპერატორები სთავაზობენ გარკვეული კოდის შეყვანას, თუმცა, ეს არ მუშაობს და რეკლამები მათ პირად ნომრებზე კვლავაც მისდით.

არსებობს სახელწიფო უწყება, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ფულს უხდიან და სწორედ ამ უწყებას ევალება დაიცვას ჩვენი, მომხმარებლების უფლებები, თუ სხვადახვა კერძო კომპანია ამას არღვევს.

ეს სახელმწიფო უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატია. აპარატში აცხადებენ, რომ პირდაპირი მარკეტინგი აკრძალული არ არის, თუმცა კანონის მიხედვით არსებობს რეგულაციები, რომლებიც კომპანიებმა უნდა დაიცვან.

ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას უარი თქვან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე.

„ასეთი რეგულაცია არ არსებობს, თუმცა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესს, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმს. აღნიშნული კანონის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოიყენებაზე უარის თქმის დადგენილი წესით“. – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება მიღებული შეტყობინებების რაოდენობის განსაზღვრას დღის განმავლობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში გვითხრეს, რომ რაოდენობის დარეგულირება მათ არ შეუძლიათ.

კანონი „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ გვაძლევს უფლებას უარი ვთქვათ სარეკლამო შეტყობინებებზე, მაგრამ შემოთავაზებული „კოდის“ შეყვანის შემდეგაც რეკლამები სხვადასხვა კომპანიებიდან მაინც მოგვდის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის პასუხი ამ საკითხზე შემდეგია: “თუ სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმი არ მუშაობს, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს”. რამდენად მოსახერხებელია ბიუროკრატიული პროცესების გავლა თითოეული მოქალაქისთვის სარეკლამო  SMS-ისგან თავის დასაღწევად რთული სათქმელია.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სარეკლამო შეტყობინებები SMS-ის სახით აღარ მოგვივიდეს, ამ კითხვით ჩვენ მობილურ ოპერატორებს მივმართეთ.

როგორც „მაგთიკომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თათული ღვინიაშვილი „მეტრონომთან” აცხადებს, მათ აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა შეიყვანონ კოდი და რეკლამა აღარ მიუვათ.

„მაგთიკომი” სარეკლამო SMS-ებს არ უგზავნის თავის მომხმარებელს. ჩვენგან მხოლოდ საინფორმაციო SMS-ები იგზავნება ჩვენი პროდუქტების, სიახლეებისა და სერვისების შესახებ ან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა კომპანიასთან გვაქვს ერთობლივი აქცია. ყოველ ასეთ მესიჯს თან ერთვის sms off-ის USSD კოდი, რომლის აკრეფვის შემთხვევაში აბონენტი მაგთიკომის სახელით აღარ მიიღებს შეტყობინებას თუ მომხმარებელს არ სურს იყოს მაგთიკომის სარეკლამო sms-ების ბაზაში, შეუძლია აკრიფოს *182#OK და მიჰყვეს ინსტრუქციას“. – აცხადებს ღვინიშვილი.

კომპანია „ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ღლონტი აცხადეს, რომ მათ აბონენტებსაც აქვთ შესაძლებლობა სპეციალურად შემუშავებული კოდის მეშვეობით უარი თქვან სარეკლამო შეტყობინებებზე.

„ჩვენ სარეკლამო მესიჯებს არ ვაგზავნით. ჩვენ ვაგზავნით მხოლოდ „ბილაინის“ შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ჩვენს  პროდუქცისა თუ მომსახურეობას.  არის რამდენიმე სარეკლამო კომპანია, ერთ-ერთან ჩვენ ვთანამშრომლობთ. ეს არის MS Group, რომლისთვისაც ტექნიკურად ჩვენ უზრუნველვყავით  სპეციალური  კოდი *297 # , როდესაც ეს სარეკლამო კომპანია აგზავნის შეტყობინებებს მომხმარებლებს შეუძლიათ ან საერთოდ ყველა SMS დაბლოკონ, ან თავად შეარჩიონ რა ტიპის რეკლამა სურთ, რომ მიიღონ“.

რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს კომპანიები უარყოფენ რაიმე სახის ფინანსური სარგებლის არსებობას ამ პროცესში.

ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით ერთ-ერთ მსხვილ მობილურ ოპერატორს „ჯეოსელს“, თუმცა მათ „მეტრონომის“ ზარებს არ უპასუხეს.

მობილური ოპერატორები გამოსავალის სახით *182# -სა და *297# გვთავაზობენ. მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვა კერძო კომპანიათა „კეთილ ნებაზე“, რომელიც ხშირად არც ისეთი „კეთილია“ არ უნდა იყოს მინდობილი და კონკრეტული უწყება უნდა ზრუნავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც უფრო მკაცრად გააკონტროლებს მუშაობს  თუ არა სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმი საქართველოში.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

 

იტვირთბა....