ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა: როცა გამოკვეთილია მერობის კანდიდატი, გაუგებარია მესამე კანდიდატზე ფსონის დადება

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების დასამარცხებლად ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე უნდა შეჯერდეს. როგორც გადაცემა კომენტარში თქვა, ამ კუთხით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები “სახელმძღვანელო იყო და თუ ვინმემ ჭკუა ვერ ისწავლა, პოლიტიკური პროცესებიდან გაირიყება”. უგულავამ აღნიშნა, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც გამოკვეთილია თბილისის მერობის კანდიდატი, გაუგებარია სხვა კანდიდატზე ფსონის დადება.

“ჩვენ იგივე ფოცხს არ უნდა დავაბიჯოთ ფეხი, რომელიც თავიდან შუბლში მოგვხვდება… მესმის ვაშაძის წყენა ენმ-ის მიმართ იმიტომ, რომ ვაშაძე მართალი იყო, როცა ისანში ენმ-მ კანდიდატი დაუყენა იმიტომ, რომ შეჯერებული იყო და შემდეგ ამის ცვლილება მოხდა, მაგრამ ამ წყენის და შეიძლება ლეგიტიმური მცდელობების მიუხედავად, უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირ მესამე კანდიდატს ეს პარტიები ვერ შეაკოწიწებენ. მესამე კანდიდატი სინამდვილეში აღმოჩნდება მეხუთე და ის წააგებს გახარიასთანაც კი. ყოველი მესამე ასეთ ვითარებაში, მეორეს ებრძვის და პირველამდეც ვერ აღწევს.

თუ ჩვენ გვინდა ქართული ოცნების დამარცხება არჩევნების გზით და სწორედ ეს არის ამ ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, მაშინ აუცილებელია ერთიან კანდიდატზე შეჯერება. ისეთ ვითარებაში, როდესაც გამოკვეთილიც არის თბილისის მერობის კანდიდატი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მესამე, მეოთხე და მეშვიდე კანდიდატზე ფსონის დადება. ობიექტური მოცემულობაა დღეს, პოლიტიკური მომენტუმი ნიკა მელიას აქვს, მისი გადასაწყვეტია რას იზამს”, – აცხადებს უგულავა.

ოპოზიციაში თბილისის მერობის საერთო კანდიდატურასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციებია.

იტვირთბა....