საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რომ მან შეწყვიტოს ძალადობა. ისრაელის ელჩი მოქალაქეებს ურჩევს, იყვნენ თავშესაფრებთან ახლოს, რათა განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე, დროულად მოხვდნენ უსაფრთხო ადგილზე.
„გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ 850-ზე მეტი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ცენტრებში. ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემა შეძლო რაკეტების 90 პროცენტის ჩამოგდება. მიუხედავად ამისა, ქალაქებში ბევრი რაკეტა ჩამოვარდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 200 ისრაელელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასზე, რათა მან ძალადობა შეწყვიტოს.
მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება არის ომის დანაშაული, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი დანაშაულებები წარსულშიც ვნახეთ და დასკვნაა, რომ ამით ზარალდება ორივე მხარე, თუმცა განსაკუთრებით პალესტინელი მოქალაქეები. იმედი გვაქვს, „ჰამასი“ გააცნობიერებს, რომ მათი ქმედებებით პალესტინელი ხალხი იტანჯება ყველაზე მეტად. ისრაელი არასდროს იტყვის უარს თავდაცვის უფლებაზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო კანონმდებლობით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოქალაქეები დავიცვათ.
სამი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სარაკეტო დარტყმებით, არის ის ქალაქები, სადაც ქართველები და ებრაელი ქართველები ცხოვრობენ. ესენია აშოდი, აშქელონი და ლოდი. ყველა ქართველმა, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ისრაელში, იცის რომ ამ სამ ქალაქში ცხოვრობენ მათი ახლობლები და ნათესავები და ვინც საქართველოდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ჩემი რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც ყველა ისრაელელისთვის – შეეცადეთ, იყოთ ახლოს დაბომბვის თავშესაფრებთან, რათა, როდესაც განგაშის სიგნალი ჩაირთვება, რამდენიმე წუთში მოხვდეთ თავშესაფარში. იმედია, ეს სიტუაცია გადაწყდება უახლოეს დღეებში“, – აცხადებს რან გიდორი.
მას შემდეგ, რაც სამშაბათს ღამით ჰამასმა ქალაქებს, თელ-ავივსა და ბერ-შევას ცეცხლი გაუხსნა, ისრაელის მხარემ საპასუხოდ, ოთხშაბათს, გამთენიისას ღაზას მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. ისრაელის მხრიდან შეტევას ღაზაში დაღუპულები, მძიმედ დაშავებულები და დანგრეული შენობები მოჰყვა.
ღაზას მიერ გაშვებული რაკეტების შედეგად ქალაქ ლოდში, სადაც ებრაულ-არაბული მოსახლეობა ცხოვრობს, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის დაზვერვის ძირითადი ფიგურები, ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი, ჰასამ კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისა მოკლა.
ისრაელსა და ღაზას შორის, 2014 წლის ღაზას ომის შემდეგ ეს არის ყველაზე მძიმე შეტაკება და შსაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს.
ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ტეროტრისტულ დაჯგუფება ჰამას შორის დძაბულობა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სიტუაცია მას შემდეგ მწავვე და დაძაბულია, ორივე მხარეს ჰყავს გადარცვლილები და მძიმედ დაშავებულები. ამ დროის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.