ახალი ამბები მთავარი სამართალი

ციხის თანამშრომელს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თავი მოიკლა, ბრალი წარედგინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ბრალი წარედგინა ციხის თანამშრომელს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თავი მოიკლა.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ვკითხულობთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 12 ივლისს,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო — სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვანი შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იტვირთბა....