იურისტი “მეტრონომთან” თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების პროცედურებს განმარტავს
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს ბრალის დაფარვაში ადანაშაულებს და გამოძიების დასრულებამდე მისი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ელისაშვილი ასევე ითხოვს მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს, ეკა ბესელიას კი საპროკურორო საბჭოს წევრობა. მისი თქმით, უკვე ჰქონდა კონსულტაციები „თავისუფალ დემოკრატებთან“ და ისინი პარლამენტში ამ საკითხს დასვამენ.
„მეტრონომი“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა. მისი თქმით, დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მზად არიან პარლამენტში დასვან ეს საკითხი.
„პარტიაში ამ საკითხზე არის მსჯელობა ისევე როგორც ყველა საკითხზე, რომელიც ქვეყანაში ხდება. ეს ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელი ამბავია, რადგან პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ისმის ასეთი ბრალდებები. არის სერიოზული ეჭვები, რომ იქ რაღაც არ არის სწორად. რასაკვირველია, პარტიაში ასეთ თემებზე მსჯელობა არის.
გუშინ ქაბატონმა ნინო გოგუაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ ჩვენთვის ეს არის ნამდვილად სერიოზული თემა. ბატონ ელისაშვილს, იმის გამო რომ მას აქვს განცდა, გამოძიება სწორი მიმართულებით არ მიდის, დაუპირისპირდა მთელი სახელმწიფო აპარატი. გოგუაძემ სოლიდარობა ელისაშვლს გამოუცხადა. ოღონდაც ჩვენთვის მნიშნვნელოვანია ვიცოდეთ, ისე არის ნამდვილად საქმე როგორც ელისაშვილი წარმოადგენს. გოგუაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ გამოძიება ამ ხნის განმავლობაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებს, როდესაც პარლამენტი საახალწლო არდადეგებიდან დაბრუნდება და დაიწყება საგაზაფხულო სესია, ჩვენ დაინტერესებული ვიქნებით ამ კითხვებს პარლამენტში გაეცეს პასუხი“. – აცხადებს ფანჯიკიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ პოლიტპატიმართა გათავისუფლების პროცესი დარღვევებით წარიმართა და მას არ უკვირს, რამდენიმე წლის შემდეგ წამოჭრილი ეს თემა. მისი თქმით, პარტია სავარაუდოდ მხარს დაუჭერს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„მე არ მისაუბრია ჩვენებთან ამაზე, მაგრამ მგონია, რომ მხარს დავუჭერთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია და იმსახურებს პარლამენტის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ პროკურატურა არ არის სანდო და დიდი ხანია ვითხოვთ საგამოძიებო კომისიებს სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ უმრავლესობა ყოველთვის აგდებს ამ საკითხებს. ის, რომ პოლიტპატიმართა სია იყო დიდი ბლეფი, ამაზეც დიდი ხანია ვლაპარაკობთ. ჩვენ დიდი ეჭვი გვქონდა, რომ ეს სიები დარღვევებით დგებოდა და თქვენ შეგიძლიათ გაადამოწმოთ. კონკრეტულ გვარებსაც ვასახელებდით, ბუნებრივია, ჩვენ არ შეიძლება გვქონოდა საიდუმლო მასალები“. – აცხადებს დარჩიაშვილი.
პარტია „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებისთვის „უცნობ“ პროცედურებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფლებამოსილების შეჩერება ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ პარტიათა მხარდაჭერით არ ხდება.
“უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადაბა შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს და ამ წინადედაბის საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში განიხილავს და შეისწავლის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და შემდეგ ეს საკითხი ბიუროს წარედგინება. ბიუროს ეს საკითხი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააქვს. ელისაშვილმა მოითხოვა უფლებამოსილების შეჩერება და პარლამენტარებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ ეს ას არ არის. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ უჩერდება თუ ისე დაკავებული ან დაპატიმრებულია. პასუხისმგებლობაში მიცემა პარლამენტის წევრის მხოლოდ მთავარ პროკურორს შეუძლია“. – ამბობს ხვიჩია.
ხვიჩიას აზრით, როდესაც უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს, გარკვვეულ პარლამენტართა უფლებამოსილების შეჩერება ქართული პარლამენტარიზმისთვისაც საზიანოა.
შეგახსენებთ, ელისაშვილის მიერ წამოჭრილი თემა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა , როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო ქვეყანაში ძალიან აქტუალურია. საქმეს აქტუალურობას სძენს ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ამ პროცესში პარლამენტის ვიცი-სპიკერისა და პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
მარიამ ვარადაშვილი