ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის: ვგმობთ სასულიერო პირების ჟურნალისტებზე თავდასხმებს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს.

“ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც. მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს, შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია.

მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება “მთავარი არხის” ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავარი არხის ჟურნალისტს მეუფე ანტონ ბულუხია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....