ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს: ჩავიდა თქვენი კოლეგა მეუფე ანტონთან, გამოიყვანა მწყობრიდან

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი წყობიდან და სწორედ ამას მოყვა ინციდენტიც. მიტროპოლიტის თქმით, ის არ იწონებს მეუფე ანტონის საქციელს, თუმცა ჟურნალისტმა “მოახერხა და მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან”.

„ჩავიდა თქვენი კოლეგა მეუფე ანტონთან, ტაძრის დღესასწაულია, დაბადების დღეა, კადრებიდან ჩანს, არაა ნასვამი. დავთვალე, 11-ჯერ ცდილობს მთელ სიუჟეტში გამოიყვანოს წყობიდან. პირველი, რასაც უწყებს ლაპარაკს – მეუფემ სცემა მღვდელი და თქვენ რას იტყვით. მეუფე რამდენჯერმე ეუბნება, დამანებეთ თავი, არ მსიამოვნებს თქვენთან საუბარი. და ბოლოს ახერხებს ეს ადამიანი…

ცუდია, გგონიათ მეუფე ანტონს მოსწონს მისი საქციელი? ხელით არ უნდა შეეხოს არავინ არავის. მე ამ ამბიდან დავიმახსოვრე, რომ 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას, მოვითმენ. მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო და შეიძლება მეც შევეხო ხელით, მეც ადამიანი ვარ. თუმცაღა, ამ, საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს. აქ საუბარია, რომ მოახერხა ჟურნალისტმა და მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან”, – თქვა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან.

ცნობისათვის, მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს ვანი-ბაღდათის ეპარქიის მღვდელმთავარმა ანტონ ბულუხიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა.

იტვირთბა....