ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: მელიას გათავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდათ, მათთვის მძიმე პრობლემა იყო

ევროკავშირის მიერ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელიას გათავისუფლება ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდ, რადგან, მისივე თქმით, ნიკა მელია მათთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ მძიმე პრობლემა იყო.

“თავი რომ დავანებოთ იმ ტექნიკურ დეტალს, რომელიც ცნობისმოყვარეობას იწვევს – სად გადაირიცხა ფული, იმიტომ, რომ პროკურატურამ უნდა გადადგას ნაბიჯიბი და შეუცვალოს პატიმრობა გირაოთი, იმისთვის, რომ გირაო იქნას გადახდილი. მაგრამ, ეს ცნობისმოყვარეობისთვის საინტერესო სამართლებრივი დეტალი გვერდით რომ გადავდოთ, არსებითად, ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ის არის პოლიტპატიმარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თავისუფალი ამა თუ იმ ფორმით – ამაში დარწმუნებული ვიყავი. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი გათავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ – ორივე ფრონტზე”, – ამბობს ბოკერია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

ცნობისათვის,  ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.

პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა, – ხელისუფლების და ოპოზიციის.

იტვირთბა....