ევროკავშირის მიერ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯი: გუშინ საღამოს, ევროპული დემოკრატიის ფონდის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელიც ერთი საათში დაორგანიზდა, დაამტკიცა ნიკას გირაოს დაფარვა. ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისფლებლად, უცნობია, ჩემთვის, პირადად. დიდი მადლობა ფონდს, რომლის შექმნის იდეის განხორციელებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ბრუსელში 2012-2013 წლებში”, – წერს სამადაშვილი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.
ცნობისათვის, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.
შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.
პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა, – ხელისუფლების და ოპოზიციის.