ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოსელიანი: განხილვებს არ ესწრებოდნენ, ოპოზიციამ თავის ტაქტიკას უნდა გადახედოს ამ კუთხით

მოქალაქეების ერთ-ერთი ლილდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ოპოზიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე განხილვებს არ ესწრებოდა და ამ კუთხით მათ თავიანთ სტრატეგიას უნდა გადახედონ. ამის შესახებ იოსელიანმა იმედის ეთერში ისაუბრა.

“ძირითადად ოპოზიცია არ იყო ჩართული, არ ესწრებოდა ამ განხილვებს მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემოსული იყვნენ პარლამენტში, რაც ჩემთვის გასაკვირიც იყო, რადგან არ იყო ეს უმნიშვნელო საკითხი და ვფიქრობ, რომ ამაზე დასწრება იყო მნიშვნელოვანი.

ზოგადად, ოპოზიციამ, ჩემი აზრით, თავის ტაქტიკას უნდა გადახედოს ამ კუთხით და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ იქ, სადაც შესაძლებელია უკან დავახევინოთ ქართულ ოცნებას, შესაძლებელია რაღაც კომპრომისულ ვარიანტზე წამოვიყვანოთ, შესაძლებელია, რომ გავურთულოთ პროცესი ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ყველა ვთანხმდებით, რომ უფლებრივად აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, იქ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული”, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ზურაბიშვილი მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენელებთან შეხვედრებს მართავდა.

სანქციების გამკაცრებაზე ვეტოს დადებისკენ პრეზიდენტს სწორედ ოპოზიცია მოუწოდებდა.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას 29 აპრილს მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

 

იტვირთბა....