ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: სამართლებრივი არგუმენტი, რომ კოდექსში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, არ არსებობს

“სამართლებრივი არგუმენტი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო დაედოს, არ არსებობს”, – ამის შესახებ ორბელიანის სასახლეში ქართული ოცნებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის დასკვნაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა, ფიქრობს, რომ თუკი ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ამაზე შემდეგ შესაძლოა პარლამენტმა იმსჯელოს.

“პრეზიდენტმა ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა ამასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე, როგორც მე მივხვდი. მის დასკვნებზე წინასწარ ვერაფერს ვილაპარაკებ.

“თუ ის შემთხვევა იქნება, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა, გააჩნია რა არგუმენტაცია მოყვება და ამის შემდეგ მსჯელობს ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი. თუ იქ იქნება ისეთი საკითხები, რომელიც განხილვადია და რაციონალურ ჩარჩოებში ჯდება, მაშინ ამაზე მსჯელობაც შეიძლება. სამართლებრივი არგუმენტაცია, რომ ამ კანონს ვეტო დაედოს არ არის”, – თქვა მდინარაძემ.

ცნობისათვის, დღეს ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი ქართულ ოცნებას შეხვდა. მმართველი პარტიის კანონმდებლებთან ერთად ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. განხილვის თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებია.

 

იტვირთბა....