ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ბოლო წვეთი, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, არის ქვეყანაში სუვერენიტეტის ნაკლებობა. ამის შესახებ მან ღამის კურიერში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სუვერენიტეტის ნაკლებობაში და როგორ ესმის სუვერენიზმი, ვასაძე მოყვა ისტორიას, როგორ და სად ჩაისახა სუვერენიზმი, როგორ განვითარდა და ბოლოს მაინც არ თქვა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზთან.
“სუვერენიტეტი ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობას. სუვერენიზმი, როგორც მოვლენა, წარმოიშვება ვესტფალიის შეთანხმების შემდეგ, მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულს, როდესაც ჩნდება ცნება – nation states (ნაცია სახელმწიფო). აი, ამ კონსტრუქციაში ვცხოვრობთ დღეს მე და თქვენ და ვესტფალიის ეროზია, ანუ სუვერენიტეტის ეროზია გახლავთ სამი ტოტალიტარული იდეოლოგიის ნახელავი – ფაშიზმი, მარქსიზმი და ლიბერალიზმი. ეს სამივე არის ერთმანეთის ტყუპისცალი და ნათესავი სამ თვისებაში. პირველი, არცერთი მათგანი არ აღიარებს ნაციონალური სახელმწიფოების პრიმატს მათ იდეოლოგიაზე ზევით; მეორე, სამივეს სძულს რელიგია, განსაკუთრებით, ქრისტიანობა; მესამე, არცერთი მათგანი არ სჯერდება პლანეტის არცერთ ნაწილს, თითოეულ მათანს უნდა სრული პლანეტა. ამიტომ სუვერენიტეტის დანგრევა, მოდერნის, როგორც მოვლენის, იწყება რენე დეკარტედან და მთავრდება პარიზში 1968 წელს. ეს არის ერთიანი პროცესი და ამაში ახალი არაფერი არ არის”, – განმარტა ლევან ვასაძემ.
ვასაძემ ასევე უარყო ყოველგვარი კავშირი რუსეთთან.
6 მაისს ლევან ვასაძემ ახალი პარტია ერის შექმნა დაანონსა და მის მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება დაასახელა.