ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წილოსანი: გაუგებარია, რატომ მოითხოვს ოპოზიცია პრეზიდენტისგან გამკაცრებული ჯარიმების კანონზე ვეტოს დადებას

სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ,ოპოზიციის ნაწილის პრეზიდენტთან კონსულტაციები გაუგებარია, ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანისთვის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნებოდა, თუკი ოპოზიცია კანონპროექტზე მუშაობაში ჩაერთვებოდა, რაც არ მოხდა.

“ამ ცვლილებებთან დაკავშრებით, ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი იმაზე უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში. მათი შენიშვნები და ობიექტური ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული. რაც შეეხება პრეზიდენტთან მათ კონსულტაციას, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხმედრაშია კონსტიტუციასთან და რიგი მათგანი სწორედ, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითების მიხედვით არის გაკეთებული. ასევე შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ამიტომ, საინტერესო იქნება, როდესაც ისინი ოპონირების რეჟიმში რეალურად შემოვლენ, დაამტკიცნო რაზეა დამყარებული მათი ეს უკმაყოფილება”, – თქვა წილოსანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.

იტვირთბა....