ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: მივესალმები, თუ პრეზიდენტი გამკაცრებული ჯარიმების კანონს ვეტოს დაადებს, ეს პირველი პრეცენტენტი იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. როგორც შეხვედრამდე სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნება თუკი მმართველი გუნდის მიერ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

“სრული დასაბუთება წამოვიღე, რატომ არის ეს ანტიდემოკრატიული კანონი. გერმანიაზე, საფრანგეთზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, უფრო მეტი არის შემოსავალთან მიმართებაში ეს ჯარიმები. ამას დასაბუთება უკვე არც სჭირდება, რომ არ შეიძლება ჯარიმები ამდენად გაიზარდოს. ეს არის ჩვეულებრივი სასჯელი, რომელიც გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ. ერთია ვეტოს უფლება, მივესალმები თუ ამ ვეტოს დადებას გამოიყენებს პრეზიდენტი და ეს პირველი პრეცენტენტი იქნება. მეორეა, რომ ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონდებლო ინიციატივას”, – თქვა ვაშაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.

 

იტვირთბა....