ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: პრეზიდენტს გამკაცრებული ჯარიმების კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით შევხვდით

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია 5 მაისს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები განიხილა. როგორც მან ღამის კურიერში განაცხადა, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო, ისევე როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოსთვის, მისთვისაც მიუღებელია. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აპირებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს დადებას კანონპროექტზე, არ იცის.

“შევხვდი ქალბატონ პრეზიდენტსაც ამ თემასთან დაკავშირებით და ვილაპარაკეთ. ეს იყო ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგებოდა ამ წუთას შარლ მიშელის მიერ დადებული დოკუმენტის სულისკვეთებას. მე პარლამენტში არ წარმოვადგენ დიდ პარტიას, ოპოზიციონერებიც იქ არ არიან, მაგრამ ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო საბჭოთა ადმინისტრაციული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია, მას აინტერესებდა უბრალოდ ჩემი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით, რატომ ვიყავი კრიტიკული და რატომ მიმაჩნდა ეს იმ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ რომელსაც მივაღწიეთ ბატონი შარლ მიშელის და დანიელსონის დახმარებით,” – ამბობს იაგო ხვიჩია.

ცნობისათვის, პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.

 

იტვირთბა....