“ქალბატონ იურისტებს, (ბესელია, კობახიძე) შევახსენებ, რომ მტკიცებულებების ტვირთი მათზეა
„პატივი და ღირსება რომ შეგელახოს პატივი და ღირსება უნდა გქონდეს. არც მანანა კობახიძეს და არც ეკა ბესელიას, რომლებიც ნარკობარონებს იცავდნენ პატივი და ღირსება არ გააჩნიათ. რაც შეეხება სამართლებრივ დავას, მე ვიდავებ ყველა ინსტანციის სასამართლოში. ქალბატონ იურისტებს, /ბესელია, კობახიძე/ შევახსენებ, რომ მტკიცებულებების ტვირთი მათზეა. მათ უნდა დაადასტურონ, რომ ფაქტები რომლებიც მე გამოვაქვეყნე სწორი არ არის. თუ მოსამართლე ურთმელიძე და სავარაუდოდ ურთმელიძეს ჩააბარებენ ამ სარჩელებს, რადგან სხვა მოსამართლეს ვერ ანდობენ, გადაწყვეტენ, რომ მე ცნობები უნდა ვუარყო, მე არ ვუარყობ, რადგან ვთვლი, რომ ყველა მასალა რომელიც გამოვაქვეყნე ბესელიასა და კობახიძეზე არის სწორი და თუ სასამართლო იქნება მიკერძოებული, მე ამ გადაწყვეტილების შესრულებას არ ვაპირებ.“ – განაცხადა “მეტრონომთან” „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე.
„მეტრონომი“: თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ საქმეს ურთმელიძე განიხილავს?
ელისო კილაძე: „ყველა სარჩელს, რომლიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება მოსამართლე ურთმელიძე იხილავს და რასაკვირველია, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ჩემს საქმეს მოსამართლე ურთმელიძე განიხილავს. ამასთანავე, ჩემს სარჩელს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძე იხილავს“.
კილაძის თქით, ის არ აპირებს წყაროს ვინაობა სასამართლოს გაუმხილოს.
„მე როგორც ჟურნალისტს მაქვს უფლება არსებული ქართული კანონმდებლობით, წყარო არ დავუსახელო არც გამოძიებას და არც სასამართლოს. ეს არის ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია. მე ჩემი წყაროს ვინაობას აუცილებლად ბოლომდე შევინახავ საიდუმლოდ“. – ამბობს კილაძე.
შეგახსენებთ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ელისო კილაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეიტანა.
მარიამ ვარადაშვილი