ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საძაგლიშვილი: სამშაბათს ვაპირებთ შესვლას მელიასთან, ოღონდ არა იმის გამო, რომ მან გირაოზე თანხმობას ხელი მოაწეროს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მთავარ არხთან  აცხადებს, რომ სამშაბათს, 4 მაისს საპატიმროში ოპოზიციონერი ლიდერის სანახავად მივა. მისივე თქმით, ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლება მოუწევს.

“ჩვენ სამშაბათს ნამდვილად ვაპირებთ შესვლას ნიკა მელიასთან, ოღონდ არა იმის გამო, რომ მან გირაოზე თანხმობის დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი, მსგავსი პროცედურა, გირაოზე დათანხმების არც ადრე არსებობდა აქამდე, არც ახლა არსებობს, არც მომავალში იარსებებს. ეს არის უბრალოდ მორიგი ვიზიტი ჩვენ მას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვეკონტაქტებით, შევდივართ შევდივართ მასთან და ასეთ რეჟიმში მოხდება ჩვენი შესვლა სამშაბათს ნიკა მელიასთან და არა იმ მიზნით რომ რაიმე თანხმობაზე ან რაიმე დოკუმენტზე უნდა მოხდეს ხელმოწერა.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს, ნიკა მელია დააპატიმრა ხელისუფლებამ, შესაბამისად ხელისუფლების ხელშია იმ საკნის გასაღები, რომელშიც ნიკა მელიაა დაპატიმრებული. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს მელიას გათავისუფლება, მას მაინც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა და იძულებული გახდება, რომ უახლოეს მომავალში გაათავისუფლოს პოლიტიკური ტყვეობიდან”, – თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს,  რომ ის ვერ შევა პარლამენტში, სადაც 20 ივნისს ძალადობაში მონაწილე პირებს შეიწყალებენ. თავდაპირველად მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, თუმცა ცოტახანში განაცხადა, რომ თანახმა იყო მისი გირაო ევროკავშირს გადაეხადა, თუ ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევდა, თუმცა ასე არ მოხდა.

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვერისია დარეგისტრირდა ერთი არის ქართული ოცნების და მეორე, ოპოზიციის.

ცნობისათვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა. ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....