თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მოსახლეობას დედაქალაქის მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნება, რომ გუშინდელი უხვი ნალექით გამოწვეულმა სირთულემ მათ მხრებზე არ გადაიაროს. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული სირთულე საბურთალოს რაიონს, კერძოდ კი, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეუქმნა. მისივე განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ძლიერი წვიმის დროს წყალმა დიდი ოდენობით ნარჩენი წამოიღო, რამაც სანიაღვრეების გაჭედვა გამოიწვია.
„მართლაც რთული სიტუაცია იყო, უხვი ნალექი მოვიდა, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. პირველივე წუთებიდან საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლები, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე და არც ერთი მათგანი არ რჩება რეაგირების გარეშე. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრები, ადგილზე გასვლები.
მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რადგან ისინი პირველივე წუთებიდან ჩართულები იყვნენ და ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. პრობლემები შეექმნა ამ ტერიტორიაზე არსებულ სანიაღვრე სისტემას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ძალიან ბევრი ნაგავი, პარკები, ქვა-ღორღი და ამან სანიაღვრე სისტემაში წყლის გატარება შეაფერხა.
ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ გაჭირვების დროს და არც ახლა ვაპირებთ ამის გაკეთებას. გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ გუშინდელი უხვი ნალექით გამოწვეულმა სირთულემ თქვენს მხრებზე არ გადაიაროს. სახელმწიფო და მთავრობა არსებობს იმისთვის, რომ ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ და ხელი შეგიწყოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა.