“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის სულ შემოსულია 100-მდე შეტყობინება. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.
“ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.