რუსული ვაქცინა სპუტნიკ V ოკუპირებულ აფხაზეთში წუხელ ჩაიტანეს. ამის შესახებ გამოცემა სპუტნიკი იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველ ეტაპზე 6500 ვაქცინის დოზა ჩავიდა, რითაც სამედიცინო პერსონალი აიცრება.
“ვაქცინაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე იქნება შესაძლებელი. ხოლო რაიონულმა საავადმყოფოებმა კი ასაცრელთა სიები უნდა შეადგინონ და ამის შემდეგ გაეგზავნებათ მათ ვაქცინის შესაბამისი დოზები. პირველ რიგში აიცრებიან ისინი, რომელბიც ჯერ არ ყოფილან ვირუსით ავად”, – განაცხადა ახრა აჯბამ, ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მიწოდების განყოფილების ხელმძღვანელმა.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.