ახალი ამბები მთავარი სამართალი

უცნობი: ჯგუფური თავდასხმა არ მომხდარა და არ მჯერა ვახო სანაიასი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც გია (უცნობი( გაჩეჩილაძე მივიდა. იგი მოითხოვს, რომ ვიდრე ბრალის დამტკიცება არ მოხდება, ბრალდებულები გათავისუფლდნენ.

„ბრალდება შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ვიდრე განაჩენი არ იქნება, ესენი არ არიან მოძალადეები. მე დარწმუნებული კი არ ვარ, მე ველოდები გამოძიებას და გამოძიებამდე არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი იმის, რომ შენ ხარ მოძალადე და შენ ხარ დამნაშავე. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენ ქვეყანაში.

მე ველოდები გამოძიებას. მე არ ვიცი რა მოხდა. არ მომხდარა იქ ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი. მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის. მე მაქვს განცდა, რომ ისინი უსამართლოდ არიან ციხეში. რა მოხდა იმ დღეს მე ამის გარკვევა მინდა. სანაიასგან ხომ მოვისმინე? ახლა მინდა ამ ბიჭებისგანაც მოვისმინო. რატომ უნდა ვუსმინო მხოლოდ სანაის. სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ დასკვნას ჩემით ვერ გამოვიტან. ეს ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებში დაელოდონ გამოძიებას. აღდგომა მოდის და ცოტა შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ადამიანების მიმართ“ – თქვა გაჩეჩილაძემ.

ცნობისათვის, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), აქცია დააანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.

შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....