ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ღამის კურიერში დასმულ შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ის თანამდებობიდან, აცხადებს, რომ არა.
“არა, არ ვფიქრობ”, – ასე უპასუხა კობა გვენეტაძე ტემეწამყვანის კითხვას, ლარის გაუფასურების ფონზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ უნდა გადადგეს.
გვენეტაძის თქმით, 2016 წელს, როცა ის პრეზიდენტი გახდა, ლარის კურსი 2.50 იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მისი თანამდებობის პერიოდს აფასებს და ამბობს, რომ ლარის გაუფასურება დამოკიდებული იყო ბევრ ფაქტორზე:
“თუ ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, მნიშვნელოვანი იყო, თუ რა გამოწვევები იყო ამ პერიოდში, ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ჯერ ნავთობის კრიზისი იყო, ნავთობის ფასების დაცემა 2014-15 წელს, რომლის ეფექტიც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამის შემდეგ იყო ლირის გაუფასურება 2018 წელს – საკმაოდ დიდი გაუფასურება.
მოგეხსენებათ, რომ თურქეთი საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანაა ამ მხრივ და ვერ გამოირჩევა მაინცდამაინც კარგი მენეჯმენტით. ამის შემდეგ იყო 2019 წელი, ძალიან მძიმე, პანდემიამდე, როდესაც აიკრძალა ფრენები რუსეთის ფედერაციიდან. მანდ მოხდა კურსის გაუფასურება, შემოსავლების შემცირება მოხდა და შემდეგ პანდემია. ამიტომ, საკმაოდ ბევრი მიზეზი იყო კურსის გაუფასურებისთვის”, – თქვა გვენეტაძემ.