ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზიის განვითარების ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3,5%-ით გაიზდება

პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3,5%-ით გაიზდება. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. წინა პროგნოზის მიხედვთ, 2021 წელს ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4,5%-იან ზრდას ელოდა. აზიის განვითარების ბანკი მომავალ წელს, საქართველოს ეკონომიკის 6%-ით გაზრდას ვარაუდობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს.

“როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს. ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა”, – ამის შესახებ ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა განაცხადა.

აზიის განვითარების ბანკი მიმდინარე წელს ინფლაციის 5%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3,5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10%-მდე შემცირდებაა, 2022 წელს კი 7%-მდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს. მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად, ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3,2%-ით, ხოლო 2022 წელს 3,9%-ით ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7,5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს.

ბანკი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7,1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20,4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად: 2021 წელს 3,6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8,9%-ით.

ცნობისათვის, სააქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF) 3,5% მდე შეამცირა. რაც შეეხება არსებულ სტატისტიკას, საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა.

ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის 11,5%-იანი, ხოლო თებერვალში 5,1%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

იტვირთბა....