პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში ხვალ დაინიცირდება.
როგორც ოხანაშვილმა ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენელებს უთხრა, ქართული ოცნების ხელისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
“ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და კანონად იქცევა. არავის არაფერი გადაუფიქრებია, ქართული ოცნება პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს იქნება მათი არჩევანი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ქართული ოცნებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრა გაიმართა. მათ ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელეს.
პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება ხვალ უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.
ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.