ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხვალ, 27 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში, დიდი ალბათობით, ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება არ მოხდება.

როგორც IRI-ის ოფისში ქართული ოცნების წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდებიან, რათა გიორგი რურუას შეწყალების აქტი ამოქმედდეს.

„ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ქართული ოცნებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრა გაიმართა. მათ ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ოცნების  წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

იტვირთბა....