ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი: ამნისტიის შედეგად, ადამიანების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცული

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ IRI-ის ოფისში ქართული ოცნების წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე, პოზიციების დაახლოება მოხდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამდაშვილმა მედიას უთხრა, ამნისტია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირებს ვერ დაიცავს.

“არის საკითხები, სადაც დავაახლოვეთ პოზიციები და ვფიქრობ, რომ სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ეს ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს იმას, ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანის სხეულის გაზრახ მძიმე დაზიანებაზე და შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც, მიღებული იქნა მსგავსი დაზიანება. ამიტომ, ის ადამიანები, ვინც არიან დასახიჩრებული, ამ ამნისტიის შედეგად, მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცული. ეს არის ქართული ოცნების პოზიციაც”, – განაცხადა სამადაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ქართული ოცნებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრა გაიმართა. მათ ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელეს.

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება ხვალ უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ოცნების  წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

იტვირთბა....