რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები პეტრე ცაავას მიერ არის მართული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. კეკუტია უარყოფს ბრალდებას, რომ სალხინოს მონასტერთან დაკავშირებით ბიზნეს ინტერსები აქვს.
“მე ვარ იქ, სადაც ღმერთი და სიყვარულია. ეს არის დოგმა ჩემი ცხოვრების, სხვა არაფერი გამაჩნია. მეუფე პეტრეს კითხეთ, საერთოდ, რა უნდათ ჩემგან?! რაც არის, ყველაფერი ჩემი შეწირულია, ესე უთხარით იმას, ვინც მე ამას მაბრალებს. ეს საქართველოს ერთ-ერთი დიდი საგანძურია, როგორ შეძლება ეს მე მინდოდეს?! ამას მხოლოდ და მხოლოდ ისინი ავრცელებენ, ვისაც უნდა, რომ ამას დაეპატრონონ ან უნდოდათ, ყოველ შემთხვევაში.
პატარა სათამაშო თოჯინა გინახავთ ბავშვობაში?! უკან რომ აქვს გასაღები, ისე მართავენ ამ საცოდავებს და უფსკრულში გადაჩეხავს ის ამათ,” – განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ.
ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს.