ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არა 20 ივნისის ამნისტიას! – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით არა 20 ივნისის ამნისტიას იმართება.

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა საქართველოსთვის, შეცვალე და დემოკრატიული მომავლისთვის არიან.

ორგანიზატორების განცხადებით, 2019 წლის 19-21 ივნისს მომხდარ მოვლენებზე ამნისტია ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა იქნება. მათივე თქმით, პოლიტიკოსები, რომლებმაც 20 ივნისის ამნისტიას ხელი მოაწერეს, არასახელმწიფოებრივად იქცევიან.

“19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე. კანონპროექტმა, შესაძლოა, ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულიად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია. სრულიად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით”, – ამის შესახებ ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ოცნების  წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

მელია ამნისტიის აქტს ისტორიის გადაწერად აფასებს და ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია.

 

იტვირთბა....