“ვახო სანაიას, რომელიც ერთხელ უკვე გახდა ძალადობის მსხვერპლი, კიდევ ერთხელ ემუქრება სისტემა. ეს ცდება კერძო საკითხს, ეს არის საფრთხე ყველა ჟურნალისტისთვის და ზოგადად, ყველა მოქალაქისთვის”, – ამის შესახებ მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა იმუშაოს, რომ მსგავს ფაქტებს საერთაშორისო დონეზე, შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.
“ამ პირობებში, როცა შეთანხმება არსებობს და კრიზისის განმუხტვის პრეტენზია აქვს ამ შეთანხმებას, ვფიქრობ მსგავს გამოვლინებებზე მკაცრი საერთაშორისო შეფასება უნდა იყოს და ჩვენ ოპოზიციამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ”, – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისათვის, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), აქცია დააანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, რასაც ტელეწამყვანმა უპასუხა: “რამდენს დაჰპირდით ამ სი…ს, ბიჯო, მიეცით რამე ტენდერი, მოკვდა ნერვიულობით”.
შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.