“მინდა მივმართო სანაიას, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ არის ჟურნალისტი. გუშინ მან თავს უფლება მისცა და გაჩეჩილაძეების ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, დედა აგინა გია და ლევან გაჩეჩილაძეს”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდარავამ განაცხადა.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ ძმებ გია და ლევან გაჩეჩილაძეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა, რაზეც, მისი თქმით, პასუხი ასევე იქნება საჯარო.
“მინდა ვუთხრა, რომ ამ ნაბიჯით მან ის სივრცე დატოვა, სადაც ცივილიზებული ურთიერთობები არსებობს და შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, რომელსაც თავისი წესები აქვს. ამიტომ, უნდა იცოდეს, რომ გარეთ უამრავი ადამიანია, რომელმაც ეს პირად შეურაცხოფად მიიღო. ამ ნაბიჯის მერე, ლაპარაკი რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, ეს არის დამთავრებული.
ვახო სანაიამ თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხოფის სივრცეში არსებობს. უნდა იცოდეს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მოერიდოს ამის შემდეგ, ვინც პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს. სანაიამ ეს გააკეთა საჯაროდ, შეურაცხყო გაჩეჩილაძეების ოჯახი და მეც მინდა საჯაროდ ვუპასუხო, რომ საჯაროდ მიიღებს პასუხს ამაზე, ის და მისი შანტრაპა”, – თქვა გოგა ხაინდრავამ.
ცნობისათვის, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), აქცია დააანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, რასაც ტელეწამყვანმა უპასუხა: “რამდენს დაჰპირდით ამ სი…ს, ბიჯო, მიეცით რამე ტენდერი, მოკვდა ნერვიულობით”.
შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.