ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ნარმანია: ნამოხვანჰესის ენერგიის გამომუშავება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

“ქვეყანაში ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის ნამოხვანჰესის ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია გავიგოთ, რა სჭირდება ქვეყანას და მის საზოგადოებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს „სახელმწიფოებრივი ინტერესი“. მისივე თქმით, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე საზოგადოებას შორის, ჰესის აშენების საკითხზე რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

„მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს და, შესაბამისად, ჩვენი ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული, ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში და უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს. სწორედ იქ გაედინება ჩვენგან ვალუტა, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც, არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – აცხადებს დავით ნარმანია.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ.

ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა. სოფელ გუმათში აღმართული რკინის კედლის ნაწილი პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა ჯებირები ადგილზე ისევ რჩება.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.

იტვირთბა....