ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია კვლავაც რჩება ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს. მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და პარალელურად, პანდემიასთან ბრძოლა მარტივი ამოცანა არ არის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის გამო და სწორედ ამიტომ, ეს არის სფერო, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ყველაზე მეტად დაეხმარა და ეხმარება.
“ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი.
როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ – ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა“, – თქვა მინისტრმა.