“ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ელენე ხოშტარიას არ უთქვამს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მანდატის გაუქმების თაობაზე ხელმოწერების გაკეთება და პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ურთიერთგამომრიცხავი იყო.
“როგორი წინააღმდეგობრივი ვითარებაა – ერთი მხრივ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მზად არიან, იმუშაონ როგორც დეპუტატებმა და მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, რომ მანდატი შეუჩერდეთ. ძალიან უცნაური სიტუაცუაა. ჩვენ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ-თქო და ეს არის ცანცარის შედეგი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისათვის, საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყო. დეპუტატები პარლამენტის 2 თებერვლის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვით, მათ მიმართვის მიუხედავად, დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუჩერდათ.