მომღერალი გია (უცნობი) გაჩეჩილაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ მან მის გადაცემაში, კიდობანი ისაუბრა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე “არაფერი მომხდარა” და ვახო სანაია “გალახული არ არის”.
“ადამიანები როდესაც ეხმარებიან, აწვებიან [მანქანას], კარგად ხედავენ, ვისაც ეხმარებიან. რაღაცა მოხდა იქ ისეთი, ან რაღაცა შეურაცხყოფა თვითონ ამისგან მიყენებული, რაღაცაზე წამოაგო, მერე თვითონვე დარეკა მილიციაში. წლი-ნახევრის ბავშვს შეიძლება მოშივდეს, ან ხმამაღალ ლაპარაკში დაიწყოს ტირილი, ის რომ იქ რა ხდებოდა, იმაში ვერ ერკვევა, ხომ ცხადია. სპეკულანტობენ ამ ბავშვით.
მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკვეტიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– თქვა გია გაჩეჩილაძემ.
ცნობისათვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.