ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში, ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება იგეგმება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც დაყოვნების გარეშე მოხდება. მისივე თქმით, პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას. სტაბილური და ქმედითი პოლიტიკური სისტემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებშია. შეთანხმების გაფორმების მომენტიდან, მედიაში გაჩნდა სპეკულაციები პრეზიდენტ მიშელის ეგიდით შექმნილი და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება.

გვსურს ამაზე ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას: არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე. პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში. „ქართულ ოცნებას“ არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც, შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რაიმე დამატებითი პირობა არ შეუტანია”, – თქვა თალაკვაძემ.

 

იტვირთბა....