რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ის პარლამენტში მას შემდეგ შევა, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ, ნიკა მელიას გაათავისუფლებენ.
მისი თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე ისინი საპარლამენტო მანდატებს ვერ მოიპოვებდნენ.
“მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირისა და აშშ ელჩებს, მადლობა პრეზიდენტ შარლ მიშელს იმისათვის, რომ ხელი არ გაუშვა. იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ბატონი მიშელის ჩამოსვლის შედეგი იქნება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გამოშვება და საერთაშორისო პარტნიორობით მისი მხრიდანაც დოკუმენტის ხელმოწერა. რაც შეეხება ჩემს ინდივიდუალურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ ვერც მე და ვერც რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად, საარჩევნო ბლოკისა და ამ ბლოკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მძლავრი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიპოვებდით საპარლამენტო მანდატებს, ამიტომ მე მზაობას გამოვხატავ შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე. მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ეს უახლოესი საათების საკითხია და ეს შეთანხმება მიაღწევს საბოლოოდ იმ შედეგს, რასაც ისახავდა მიზნად მოდერაციის დაწყებისას – ჩააცხრობს იმ კრიზისს რაც არჩევნების დღიდან გრძელდება და დაადასტურებს ქვეყნის დასავლური კურსის ერთგულებას”, – დაწერა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.