პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს.
როგორც სანიკიძემ მეტრონომს განუცხადა, ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.
“არ ვაპირებ დოკუმენტზე ხელის მოწერას. ეს არის ჩემი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. სხვა რას იზამს, ვერ გეტყვით”, – უთხრა მეტრონომს სანიკიძემ.
შეგახსენებთ, 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.