ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: დასასრულებელია ბრძოლა, რათა მოხდეს დემონტაჟი ამ არანორმალური სისტემისა

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის, ოფისში კარლ ჰარცელი იმ პოლიტიკურ პარტიებს ელოდება, რომლებმაც ჯერ-ჯერობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს. ოფისთან ევროპული საქართველოს წევრი არმაზ ახვლედიანი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

მისი თქმით, დასასრულებელია ის ბრძოლა, რომელიც დაიწყო, რათა მოხდეს “დემონტაჟი ამ არანორმალური სისტემისა”.

“მე მოვედი იმიტომ, რომ რაც აქამდე გაკეთდა ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტების მიერ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. დასასრულებელია ეს ბრძოლა, რათა მოხდეს სრული დემონტაჟი ამ არანორმალური სისტემისა, რომელიც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს ქაღალდი რასაც ხელი უნდა მოვაწერო, იქნება ფარატინა ქაღალდი. მე მზად ვარ ბრძოლისთვის ბოლომდე”, – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.  ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.

იტვირთბა....