პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი, მის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ინდივიდუალურად ხელის მოწერასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამადაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
“ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, გადამწვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს.
არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან – ანუ, შემოთავეზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა.
ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს-პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი”, – წერს სალომე სამადაშვილი, რომელიც გუშინ, 19 აპრილს ენმ-ის ოფისში გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზეც საუბრობს.
“მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, ენმ-მა მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი-მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, ენმ-მა ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ. პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვავდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარნტიორები – ევროკავშირი და აშშ. იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებლი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც ‘დესტრუქციულ’ ძალას. რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ”, – ნათქვამია სამადაშვილის განცხადებაში.
მისივე თქმით, ის პოლიტიკურ საქმიანობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით აღარ გააგრძელებს, თუმცა პარტიის ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიიღებს.
“იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე ცხადია აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს – ცხადია, დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად”, – აღნიშნულია სალომე სამადაშვილის განცხადებაში.