მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილის მიერ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ინდივიდუალურ ხელმოწერას ეხმაურება.
ხოშტარიას შეფასებით, სამდაშვილის პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო.
“სალომე სამადაშვილის პოზიცია ( ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთდგულება საკუთარი პოზიციის მიმართ”, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.