ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხვალ, 19 აპრილს ოპოზიცია რიყის პარკში საორგანიზაციო შეხვედრის გამართვას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, 15 მაისის მოსამზადებელი დღე იქნება. თუმცა, როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თბილისი მერია ოპოზიციას უარს ეუბნება სცენის დადგმაზე.
“ოპოზოცია აქტიურად ემზადება 15 მაისის აქციისთვის. ოპოზიციის ლიდერები გასულები არიან რეგიონებში და მართავენ შეხვედრებს. პარალელურად, ხვალ ოპოზიცია გეგმავს რიყის პარკში გამართოს 15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც ჩვენ საზოგადოებას ვამცნობთ, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს, როდესაც ადგილზე მოვიდა ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, რომელსაც უნდა დაეწყო სცენის მონტაჟი, სასწრაფოდ გამოცხადნენ, მერიის თანამშრომლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჩვენ თურმე არ გვაქვს უფლება, რომ აქ სცენა ავაწყოთ.
გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი თბილისის მერიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონის მიხედვით, არანაირი ვალდებულება არ გვქონდა რაიმე შეტყობინება გაგვეგზავნა მერიისთვის, მაინც გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი თბილისის მერიაში და განვმარტეთ, რომ ხვალ აქ იგეგმება შეკრება. ამის მიუხედავად, მერიის თანამშრომლები უარს აცხადებენ, რომ დაიწყოს სცენის მონტაჟი. ეს არის სიტყვისა და გამოტახვის პირდაპირი შეზღუდვა.
გასაგებია, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია 15 მაისის და ყველა უკანონო ქმედებას ჩადის იმისათვის, რომ ეს შეკრება არ გაიმართოს, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება და ქართული ოცნებაც, რომ 15 მაისის შეკრება აუცილებლად შედგება და ხელისუფლება აუცილებლად დაინახავს ქართველი ხალხის პროტესტს იმ უკანონობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს. ასევე ხვალაც აუცილებლად გაიმართება ეს შეკრება, სურს თუ არ ეს თბილისი მერიას და ხელისუფლებას. ტყუილად ნუ ცდილობენ, რომ ხელოვნური ბარიერები შეგვიქმნან, ჩვენ აუცილებლად გავმართავს აქ შეკრებას”, – თქვა ზაან უდუმაშვილმა.