ახალი ამბები

სენატორები: აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი უფროსი წევრი, სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრის იმედს გამოთქვამენ.

შაჰინმა და ჯონსონმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის დასრულების შემდეგ,  ამერიკის ხმას წერილობითი კომენტარი მისცეს.

“სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა.

კობახიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კონგრესმენებსაც შეხვდა.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....