ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხდებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....