“საპარლამანეტო ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიესალმებიან ქართული ოცნების მიერ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს და გამოთქვამენ მზადყოფნას შეუერთდნენ აღნიშნულ დოკუმენტს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპელი სოციალისტების პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების ხელისუფლების მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.
„მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
- მომავალი არჩევნები.