თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ – გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.