ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინაშვილის თქმით, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგება. ამის შესახებ მან კურიერის ეთერში განაცხადა.
“მანამ სანამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული, როდესაც საუბარია პოლიტიკურ პატიმრების გამოშვებასა და ვადამდელ არჩევნებზე. ბრიფინგმა დაადასტურა ის, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად ქართულ ოცნებას მოუწია კომპრომისებზე წასვლა სამ საკითხს ეხება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
- მომავალი არჩევნები.