ახალი ამბები მთავარი

წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურს, თეატრი სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა. მინისტრმა ზანგურის ყოფილ მეუღლეს, ნინუცა მაყაშვილს მიმართა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ნინუცა მაყაშვილი მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოში მიწვეული იყო, ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, 11 წლის მერე გვიანია საგამოძოებო ორგანოში სიარულიო, მინდა მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს”, – თქვა წულუკიანმა.

რაც შეეხება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, კულტურის მინისტრის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

“რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში, ბატონ ბესო ზანგურს ვგულისხმობ. კარგი იქნება, თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, იმიტომ, რომ მოწოდების გარდა, მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია“, – აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა.

მაყაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში ფარული კონვერტი განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს.

მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეატრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გააგდებენ.

იტვირთბა....