ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერგავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოხატავს უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე სამხედრო აქტივობების გამო. მან ასევე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

“საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკანასკნელი კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ძალიან დაიძაბა. მასშტაბური სამხედრო გადაადგილება შეინიშნება კონფლიქტის შეხების ხაზის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის.

ადგილობრივი პრესა შეტაკებების შესახებაც იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.

სეპარატისტული რეგიონების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არმიის მზადყოფნის შემოწმება დაიწყო. რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო სწავლებაა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენიმე დღის წინ ფრონტის ხაზზე ჩავიდა ვითარების ადგილზე გასაცნობად.

იტვირთბა....