ENKA-ს დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ნამახვანჰესსა და მის ირგვლივ მიმდინარე პროტესტზე მთავარი არხის ეთერში, გადაცემა დღის სტუმარში სტუმრობისას ისაუბრა. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან სიტუაციის განსამუხტავად. როგორც ლომინაძემ აღნიშნა, ნამახვანჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება და ეს ელექტროენერგიასაც გააიაფებს.
“მზაობა გამოვხატეთ, ჩავერთოთ კონტრაქტის განხილვაზე. ის საჯაროა და ჩვენ მზად ვართ, რომ ძალიან კომპეტენტური კვლევები განვახორციელოთ, ჩავრთოთ კომპეტენტური ადამიანები და განვმუხტოთ სიტუაცია. ყველა მხარე ჩაერთვება ამ პროტესტში, იქნება ეს საზოგადოების ჯგუფები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია თუ სხვა მზარე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველასთან ვითანამშრომლოთ… გვინდა, რომ სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას..
ნამახვანჰესის აშენება ენერგოდამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი იქნება. ეს იქნება ის სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომლითაც ჩანაცვლდება სრულად იმპორტირებული ელექტროენერგია. მოგეხსენებათ, რომ ტარიფები განსხვავებულია – არის პიკური ტარიფები და დღის ტარიფები. პიკურ ტარიფებში ქვეყანა იხდის დაახლოებით 9-დან 10 ცენტამდე. მაშინ როდესაც ნამახვანჰესის პროექტით გათვალისწინებულია 6,2 ცენტი, შესაბამისად, ცხადია, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანია”, – განმარტავს ლომინაძე.
გუმათჰესთან დღეს გამართული აქციის შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისში გადაინაცვლეს.
ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.